czwartek, 6 maja 2010

დიდი ხნის წინ...


დაუნის სინდრომის არსებობის ისტორიაზე, საუკუნეების განმავლობაში ამ სინდრომით დაბადებული ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და განწყობის შესახებ საინტერესო, თუმცა არა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ხელოვნების ნიმუშები.დაუნის სინდრომის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულების მაგალითის ყველაზე ძველ ნაკვალევს მექსიკაში მივყევართ -დაუნის სინდრომით დაბადებულები ქალისა და წმინდა ცხოველის-იაგუარის ზებუნებრივი ძალის ჩარევის შედეგად შერწყმის ნაყოფად მიიჩნეოდნენ და ისინი საზოგადოების მაღალ საფეხურზე მყოფთა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ. ძველ ეგვიპტეში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ღმერთისა და მზის შვილები არიან. უამრავი გენეტიკური დაავადებით დაბადებული ბავშვი იქაური არისტოკრატული ოჯახის შვილები იყვნენ და ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ უმნიშვნელო ფორმით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანები საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც ინიშნებოდნენ.
ევროპულმა ცივილიზაციამ, რომელიც ძველი საბერძნეთისა და რომის კლასიკური სილამაზის იდეალებმა შექმნეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოებიდან გარიყეს -  ღმერთებისის მსგავსები  უნაკლოები უნდა ყოფილიყვნენ, ნებისმიერი სახის გენეტიკური თუ ფიზიკური დეფექტი მშობლების მიერ ჩადენილი ცოდვების სასჯელად ან ბოროტების სათავედ აღიქმებოდა. ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ ინტელექტუალურად შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების მიმართაც.
რენესანსის პერიოდში, მიუხედავად იმისა რომ სილამაზისა და სხეულის ჰარმონიულობის შესახებ ანტიკური პერიოდის შეხედულებები ძალაში რჩებოდა, შეიქმნა ხელოვნების რამდენიმე ნიმუში, რომელზეც მხატვრები შშმ, მათ შორის დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე გამომეტყველების ჩვილ ბავშვებს ხატავდნენ. ფრა ფილიპო ლიპის ერთ-ერთ ადრინდელ ფერწერულ ტილოზე, მადონა ტრივულციო, ანგელოზებს დაუნის სინდრომის მქონე ჩვილების დამახასიათებელი სახის ნაკვთები აქვთ. ვარაუდობენ, რომ მხატვარი, რომელიც თავშესაფარში გაიზარდა, სწორედ იქ შეხვდა დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანებს.

იმავე საუკუნეში, იტალიური რენესანსის კიდევ ორი ფერმწერის, ჯიოვანი ბელინისა და ანდრეი მანტეგნის ფერწერულ ტილოებზე, რომლებიც ბოსტონის of Fine Arts და მანტენგნის Poldi-Pezzoli-ს მუზეუმებში ინახება, ყრმა, რომელიც მადონას უჭირავს ხელში აშკარად დაუნის სინდრომის მქონეა. გარდა ამისა, მანტეგნამ, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სახე მანტუიში, მეფის სასახლის, Camera degli Sposi-ს ფრესკებზე ამორების სახით აღბეჭდა. უფრო მეტიც, ამორებს პეპლის ფრთები მიახატა, რაც ქრისტიანულ ხატწერაში მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა.
ნიდერლანდებში, 1515 წელს, ანონიმმა ფერმწერმა დახატა ანგელოზი და მეცხვარე-დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი სახის ნაკვთებით. ტილო ამჟამად ნიუ იორკის Metropolitan Museum-ში ინახება.
დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხატვის ტენდენცია ევროპაში ბაროკოს ეპოქაშიც გაგრძელდა. რუბენსისა და ჯაკობ ჯორდანესის ფერწერაში ხშირად ვხვდებით დაუნის სინდრომის მქონე პერსონაჟებს ანგელოზებისა და ღმერთების, ან მათთანნ უშუალო კონტაქტში მყოფი პერსონაჟების სახით.
მკვლევარები არა ერთხელ დაინტერესებულან, რა იყო მიზეზი, რომ მხატვრები მოდელებად არაამქვეყნიური პერსონაჟების შესაქმნელად დაუნის სინდრომის მქონე  ადამიანებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო შიში, თუ ვინ და როგორი გაიზრდებოდა მათ მიერ დახატული მოდელი. ამიტომ იყენებდნენ მოდელებს, რომლებზეც დარწმუნებული იყვნენ, რომ მუდამ დარჩებოდნენ უცოდველნი, არასოდეს ჩაიდენდნენ დანაშაულს და ხელოვანის სინდისს ანგელოზისა და წმინდანის მოდელის არასწორი შერჩევით არ დაამძიმებდნენ. გარდა ამისა, გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ დაუნის სინდრომით დაბადებულები ზეციურ სამყაროსთან დამაკავშირებლები არიან, რომ მათ შეუძლიათ ღმერთის დანაბარები იქადაგონ, და რომ დაუნის სინდრომით დაბადებულები მზისა და ღმერთის შვილები არიან...

środa, 5 maja 2010

დღეს პირველად ვხვდებით ერთმანეთს.
მე ანი ვარ, როგორც ბებია მეძახის, ურჩი, ცელქი და პატარა საქართველოს დიდი შვილი :)




ეს კი ჩემი დაიკოა, ბურთხუზუნად წოდებული ნინო :) .




ვცხოვრობთ ვარშავაში დედიკოსთან, ბებიასთან, დეიდებთან და დეიდაშვილებთნ ერთდ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ნინო ჯერ პატარაა, სულ რაღაც წლისა და სამი თვის, მაგრამ ერთმანეთთან კარგად ვერთობით. ხანდახან, როდესაც ჩემზე ადრე იღვიძებს, თმას მწიწკნის ხოლმე, მაგრამ არ ვბრაზდები, პატარაა და სხვანაირად ვერ მაღვიძებს.
ნინო სხვანაირია. არა, ჩვეულებრივი ბავშვია, ლამაზი, მხიარული, ჩემგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ მაინც სხვანაირი. ნინო დაუნის სინდრომითაა დაბადებული და მხოლოდ ამ ორი სიტყვით განსხვავდება ყველა დანარჩენი ბავშვებისგან. ჰოდა, ამ ბლოგზე ნინიკოსნაირ ბავშვებს და მათ მშობლებს ვეპატიჯებით. სხვებასაც, რა თქმა უნდა :).


სიყვარულით ანი და ნინო :)
 
Copyright 2009 ჩვენ. Powered by Blogger
Blogger Templates created by Deluxe Templates
Wordpress by Wpthemesfree